თელავის თეატრი 262 წლისაა!

 

თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. "ერეკლეს თეატრში" ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი "წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა". 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი "ივერია". თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. დღეს თელავის თეატრმა 260-ე სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.



28 ოქტომბერს, 19.00 საათზე მცირე დარბაზში ნაჩვენები იქნება ერთმოქმედებიანი კომედია "გაჭედილები".
რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე. პიესის ავტორები ნიკა რამიშვილი, გოგი ჩაკვეტაძე.
ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში. ფასი 5 და 7 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - ტელ. 555 58 23 23